ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსი

2019 წლის 23 მაისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსის პროექტი 


(https://www.nbg.gov.ge/uploads/legalacts/project/etikis_kodeqsi_23.pdf)


როგორც სებმა დააანონსა, კოდექსის ამოქმედება განპირობებული იყო მომხმარებლების უფლებების დაცვის ჩარჩოს სრულყოფისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან მიახლოების საჭიროებით, აგრეთვე, ბაზარზე არსებული პრობლემებით. 


კოდექსის მიზანია ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებისას მომხმარებლებთან ურთიერთობის საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებული წესებისა და ჩვევების დამკვიდრების ხელშეწყობა. თავის მხრივ, ამ კოდექსის ამოქმედება ხელს შეუწყობს მომხმარებლებში ფინანსური ორგანიზაციების მიმართ სანდო პარტნიორის რეპუტაციის გამყარებას და მათი უფლებებისა და ინტერესების მაქსიმალურად დაცვას სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის/კრედიტის ამოღების პროცესში.


დოკუმენტი ითვალისწინებს ფინანსური ორგანიზაციების ვალდებულებას სესხის/კრედიტის ამოღების პროცესში დაიცვას ზნეობისა და საქმიანი ურთიერთობების საუკეთესო პრაქტიკით მიღებული ნორმები და იმოქმედოს კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე. აღნიშნული მოთხოვნების შესრულება კოდექსის დამტკიცების შემდეგ სავალდებულო იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის, მათ შორის, სესხის გამცემი სუბიექტისათვის.


აღსანიშნავია, რომ სების პრეზიდენტის ბრძანება „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ გარკვეულწილად უკვე ითვალისწინებს ზემოაღნიშნულ ვალდებულებას, მათ შორის, ფინანსურ ორგანიზაციებს ევალებათ ეთიკის კოდექსის შემუშავება. თუმცა, ეთიკის კოდექსის წარმოდგენილი პროექტი მეტი დეტალიზაციით აწესრიგებს ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებებს მომხმარებლებისგან სესხის/კრედიტის ამოღების პროცესში.


შეგახსენებთ, რომ ეთიკის კოდექსი, რომლის პროექტიც ჯერ კიდევ 2019 წელს გამოქვეყნდა,  ამ დრომდე არ არის მიღებული და ის ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.